ლიბი დეი -
ჩვენი დრო
ჩემში ჩაბუდებული აგრესიული მანკიერება ისეთივე რეალურია, როგორიც, ვთქვათ, ჩემივე ღვიძლი ან გული. ამიტომაც, თუ მუცელს გამიფატრავთ, ეს რაღაც, ხორციანი და ბნელი, შესაძლოა, თქვენ წინ იატაკზე გაგორდეს და შემთხვევით ფეხიც კი დაადგათ. ჩვენს გვარს, დეებს, ეს სისხლით მოგვდგამს. ჩანს, რაღაც განსაკუთრებული გვერგო.
დამჯერი და წესიერი გოგონა არც მანამდე ვყოფილვარ, მაგრამ მკვლელობის შემდეგ ხასიათი თანდათან უფრო დამიმძიმდა. მე ხომ ობოლი ლიბი ვიყავი, გულჩათხრობილი და უკარება ბავშვი, რომელიც შორეულ ნათესავებთან ცხოვრობდა და ხელიდან ხელში, გარე ბიძაშვილებსა და ოჯახის მეგობრების მეგობრებს შორის, გადადიოდა. მოძრავი სახლ-ტრეილერი, ზოგჯერ კი ძველი რანჩოები იყო ჩემი საცხოვრისი, სკოლაში კი გარდაცვლილი დების ტანსაცმლით დავდიოდი. ჩემი უფროსი დების ათასჯერ გარეცხილი, გაქუცული ბლუზები, უკნიდან სასაცილოდ მოფლაშული შარვალი კი მხოლოდ იმიტომ არ მძვრებოდა, რომ ძველისძველ, გაზინტლულ ქამარს ბოლო ნახვრეტზე ვიკრავდი. სკოლის პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე თმა ყოველთვის გაბურძგნილი და აქეთ-იქით გაფშეკილი მაქვს, იფიქრებთ, თმაში რაღაც მფრინავი ობიექტები აქვს გაჩხერილიო, თვალის უპეები კი - სტაჟიანი ლოთივით ჩალურჯებული. ტუჩებზე ვერაფერს იტყვი, ზოგჯერ ისე მაქვს ძალისძალად დაწყობილი, ეგებ ღიმილიც კი გეგონოთ. დიახ, შეიძლება.
საყვარელი ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომაც, როდესაც წამოვიზარდე, კიდევ უფრო ნაკლებად საყვარელ თინეიჯერად ვიქეცი. ფურცელზე ჩემი სულის მაშინდელი სურათი რომ გადავიტანო, ეშვებიანი ნაჯღაბნი გამომივა.
საზიზღარი, თოვლჭყაპიანი მარტი იდგა, ლოგინში ვიწექი და თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. ეს ჩემი ჰობია, დღის სასიამოვნო ოცნება: პისტოლეტის ლულა პირში, გასროლის ხმა, ერთი-ორჯერ შეტოკებული თავი, კედელზე შესხმული სისხლი. „უფრო რას ისურვებდა, დამარხვას თუ კრემაციას?“ - იკითხავს ხალხი. „ვინ მოვა გასვენებაში?“ - ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცის. იმას კი, ვინც გასვენებაში მოვა, უხერხულობისგან არ ეცოდინება, მზერა სად წაიღოს და ფეხსაცმელების წვერებზე დაიწყებს ყურებას მანამ, სანამ სიჩუმე არ დაისადგურებს. მერე ვიღაც რაკუნით დადგამს ყავადანს მაგიდაზე. ყავა და უდროო სიკვდილი ხომ ერთობ უხდება ერთმანეთს.
ფეხები საბნიდან გამოვყავი, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი, იატაკზე დამედგა. ეტყობა, დეპრესია მაქვს. თუმცა ასეთ მდგომარეობაში, მგონი, უკვე 24 წელიწადია, რაც ვარ. ვგრძნობ, რომ ჩემი სუსტი სხეულის სიღრმეში ჩემი უკეთესი ნაწილი სადღაც ღვიძლს უკან თუ თირკმლის გვერდით არის შეყუჟული; ჩემი ბავშვური ნაწილი მეუბნება, რომ უნდა ავდგე, რაღაც გავაკეთო, ვიმოძრაო, მაგრამ ჩემი მანკიერება ყოველთვის იმარჯვებს მასზე. როდესაც შვიდი წლის ვიყავი, ჩემმა ძმამ ოჯახი ამომიხოცა, დედაჩემი და ორი და მომიკლა, - გაისროლა, რამდენჯერმე ნაჯახი მოიქნია, თოკი ყელში წაუჭირა, და ისინი აღარ არიან. ასეთი რამის შემდეგ არაფრის კეთება აღარ შემიძლია. აბა, რაღა უნდა შემეძლოს?!
თვრამეტი წლის როცა შევსრულდი, 321 374 დოლარი მივიღე. თანხა, რომელიც იმ კეთილისმყოფელებმა შემიგროვეს, ვინც ჩემი ტრაგედიის შესახებ წაიკითხეს, „ვისი გულიც ჩემმა უბედურებამ შეძრა“. რამდენჯერაც უნდა გავიგონო ეს ფრაზა, არადა, ბევრჯერ მსმენია, ყოველთვის ფრთებიან, პუტკუნა გულებს წარმოვიდგენ, რომლებიც ჩემკენ იმ საშინელებიდან მოფრინავენ, რომელშიც ბავშვობაში ვცხოვრობდი. ფანჯარასთან ვდგავარ პაწაწინა, ხელს ვუქნევ ფრთოსან გულებს, ვიჭერ მათ, ზევიდან კი ფული მეყრება. „გმადლობთ, გმადლობთ, უღრმესი მადლობა“. როდესაც პატარა ვიყავი, ეს შემოწირულობები მკაცრად კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე გროვდებოდა და სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ მკვეთრად იზრდებოდა, როგორც კი რომელიმე ჟურნალი სტატიას გამოაცხობდა, სათაურით „როგორ ვცხოვრობ ახლა“. „პაწია ლიბის ახალი ცხოვრება“; „იგია ერთადერთი, ვინც გადარჩა კანზასის პრერიებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს“; „ლიბი ათი წლის შესრულდა“; „ტკივილნარევი სიხარული“ (ფოტოზე: თმაგაბურძგნილი ვდგავარ, ჩემ უკან კი სამი ხბო წამოწოლილა); „გაბედული გოგონა 16 წლის შესრულდა“ (ფოტოზე სადღესასწაულო ტორტის სანთლების შუქზე ვჩანვარ, ისევ პატარა, გამხდარი, ბლუზაში, რომელიც ძლივს მეკვრება მკერდზე, იმ წელს ოთხ ზომამდე რომ გამეზარდა და ჩემს დალეულ სხეულზე უხამსადაც კი ჩანს, ასეთ მკერდს კომიქსებში ხატავენ ხოლმე).
ამ ფულით ცამეტ წელიწადზე მეტხანს ვიცხოვრე და თითქმის სულ დავხარჯე. საღამოს დანიშნული შეხვედრა გამარკვევდა, რამდენად მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცი, რომელიც ჩემს ფულს განაგებდა, ლოყებღაჟღაჟა ბანკირი, სახელად ჯიმ ჯეფრიზი, წელიწადში ერთხელ ლანჩზე მეპატიჟებოდა და ამ ღონისძიებას „რევიზიას“ ეძახდა. ლანჩი დაახლოებით ოცდახუთი დოლარი ჯდებოდა, ვსაუბრობდით ჩემს ცხოვრებაზე, ის ჯერ კიდევ იმ დროიდან მიცნობდა, როცა სიარული არ შემეძლო. მასზე კი არაფერი ვიცოდი და არც არასდროს მიკითხავს - შესაძლოა, იმიტომ, რომ ამ ჩვენს შეხვედრებს ბავშვურად აღვიქვამდი: იყავი თავაზიანი, ოღონდ ნუ გადაამლაშებ და ელოდე, როდის დამთავრდება შეხვედრა. მოკლე კითხვა-პასუხი, დაქანცული ამოოხვრა (ერთადერთი აზრი, რომელიც ჯიმ ჯეფრიზთან დაკავშირებით მომდიოდა, ის